26 მაისს ქუვეითის სახელმწიფოში, სასტუმრო ''Radisson Blu Hotel'' საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
2025 წლის 26 მაისს, ქუვეითის სახელმწიფოში, სასტუმრო “Radisson Blu Hotel”-ის Al-Hashemi-ის ისტორიულ დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ქუვეითის სახელმწიფოს მმართველი ოჯახისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილსამყოფელი ქვეყნის ბიზნეს წრეებისა და მასმედიის, ასევე ქუვეითში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები (300-ზე მეტი სტუმარი).
საზეიმო ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ქუვეითის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამეფო ოჯახის წევრმა, შეიხმა, დოქტორ აბდულა მიშალ ალ-საბაჰმა და ევროპულ საკითხებში ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ (Assistant Foreign Minister for Europe), ელჩმა, ბატონმა სადიქ მარაფიმ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, ასევე მიიღო ქუვეითის სამეფო ოჯახის წევრმა, შეიხა ნოურა ალ-საბაჰმა და ქუვეითის სახელმწიფოს ალ-ჯაჰრას გუბერნატორმა, ბ-ნი ჰამად ჯასიმ მოჰამად ალ-ჰაბაში (Hamad Jassim Mohammad Al-Habashi).
მიღებას დაესწრნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, იტალიის, შვეიცარიის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ჩინეთის, ტაილანდის და სხვა ქვეყნების ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქუვეითის სახელმწიფოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს რეგიონული ცენტრის, მსოფლიო ბანკისა და UN Habitat-ის ხელმძღვანელები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა ნოშრევან ლომთათიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, საქართველო-ქუვეითის მეგობრულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალსა და პერსპექტივებზე.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვეულმა ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა კომპოზიციებმა: ფარიკაობა, ქართული ცეკვა, აჭარული და ყარაჩოღლური.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ქუვეითის სახელმწიფოში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოეწყო ქართული პროდუქციის კუთხე, რომელზეც წარმოდგენილ იქნა მინერალური წყალი „ბორჯომი“, „კამპა“-ს ნატურალური წვენები, „კულა“-ს სოუსები, „გურიელი“-ს ჩაი და „ბარამბო“-ს შოკოლადები. მიღების დასასრულს აღნიშნული პროდუქცია ქუვეითში საქართველოს საელჩოს ბრენდული სასაჩუქრო ჩანთებით გადაეცათ ღონისძიების სტუმრებს.