საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ მიმდინარეობს

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“  მიმდინარეობს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევაზე, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას  უკავშირდება. მინისტრის თქმით, ევროპული საბჭოს 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გახდა და ეს არის მოცემულობა, რომლისთვისაც ქართული დიპლომატია მრავალი წელი იღწვოდა. Ამასთანავე საქართველო გახდა ნაწილი ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის, რაც ევროკავშირის სტაბილურ, მშვიდობიან და განვითარებულ მომავალს უკავშირდება.

„გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს, მოხდა ისტორიული მნიშვნელობის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა! დღეს ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი მეგობრები პირდაპირ აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრული და გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკით, პრაგმატული ნაბიჯებით, საქართველომ შეძლო გარე საფრთხეებთან გამკლავება.  ამ სტაბილურობას, რთული საგარეო პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, საქართველომ თავისი სტრატეგიული პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით მიაღწია  და დღეს ქვეყანა ყველაზე ახლოსაა იმ მიზანთან, რომლისთვისაც ქართველი დიპლომატების თაობები იბრძოდნენ. „მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს!“ - დასძინა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ქვეყნის გამთლიანება საქართველოს სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საქართველოს მთავრობა წარმატებით განაგრძობს თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, და მეორეს მხრივ,  საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ჩართულობის ხელშეწყობას.

მინისტრის განცხადებით, ნეგატიური გლობალური მოვლენების ფონზე საქართველო არა მხოლოდ ინარჩუნებს მდგრადობას, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა  საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.  ასევე მინისტრმა   უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს მადლობა გამოუცხადა გაწეული ძალისხმევისთვის ამ რთულ პერიოდში.

მისასალმებელ სიტყვაში ილია დარჩიაშვილმა  ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებენ. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიურ სამსახურში უწყების ინსტიტუციური განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება.მინისტრმა აღნიშნული წამოწყებისა და უწყების მხარდაჭერის კუთხით პრემიერ-მინისტრის როლზეც გაამახვილა ყურადღება და მას მადლობა გადაუხადა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” 26-28 დეკემბერს იმართება. ელჩების კონფერენციაზე  მიმდინარე წელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს შეაფასებენ   და  მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.