საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღები და საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში, ქ.თბილისში, ლეონიძის 3 ნომერში მოქალაქეთა მისაღები და საკონსულო მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებთან არის ადაპტირებული და საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის საკონსულო მომსახურებას სთავაზობს.
 
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ სივრცეში დაინტერესებული პირები მაღალი ხარისხის, კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებენ.

„აღნიშნულ სივრცეში მოქალაქეებს  ჩვენ შევთავაზებთ ყველა საჭირო საკონსულო მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცე სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, არის განახლებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ სივრცეში მოქალაქეებს მაღალ დონეზე გავუწევთ ყველა იმ მომსახურებასა და კონსულტაციას, რომელიც მათ სჭირდებათ“.  -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა  საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს როგორც საკონსულო მომსახურების სერვისების კუთხით, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.

დღეის მდგომარეობით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 74 საკონსულო დაწესებულებას, სადაც მოქალაქეებს საკონსულო მომსახურება გაეწევათ. მათ შორისაა 60 საკონსულო ცენტრი, 12 გენერალური საკონსულო, 1 ინტერესების სექცია.

აღსანიშნავია, რომ საკონსულო სერვისების გაუმჯობესების კუთხით უწყებაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის სიახლეები, მათ შორის მიმდინარე წელს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის გაუმჯობესებისა და გამარტივების მიზნით მიმდინარეობს ელექტრონული პორტალის www.geoconsul.gov.ge განახლება.