საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ შესრულების შესახებ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში განიხილეს

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2022 წლის 5-6 ივლისს, ქ. ჟენევაში განიხილა საქართველოს „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის“ შესრულების შესახებ მე-5 პერიოდული ანგარიში, რომელიც წარდგენილ იქნა 2020 წელს.
 
განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც  საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა,წარადგინა ინფორმაცია პაქტის დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხა კომიტეტის მიერ დასმულ კითხვებს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
 
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა  კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დელეგაციას გაწეული სამუშაოსათვის და დიალოგში კონსტრუქციული მონაწილეობისათვის.
 
ხსენებული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს აღმასრულებელი,  სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება.
 
განხილვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ანგარიშები წარდგენილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

განხილვის შედეგად კომიტეტი მიიღებს დასკვნით მოსაზრებებს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.