საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული დიასპორა, თავისი კავშირებითა და თანამედროვე სახალხო დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსია საქართველოს ევროპაში ინტეგრირებისა და დასავლური სახელმწიფოს შენების განუხრელ გზაზე“ - ვლადიმერ კონსტანტინიდი

„მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“  -ამ სახელწოდებით  გამართულ  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე   სიტყვით გამოსვლისას,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ მცხოვრებ  საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას. 

"სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ ახალ ხარისხში ავიყვანეთ ქართული დიასპორის მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად მასპინძლობს რამდენიმე ბიზნეს-ფორუმსა და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებას,  რომლებიც  ემსახურება დიასპორის წარმომადგენელთათვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას, საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ განახლებული ინფორმაციის გაზიარებას, შესაბამის სააგენტოებთან თუ სახელმწიფო პროგრამებთან დიასპორის დაკავშირებასა და მდგრადი თანამშრომლური კავშირების გაფართოებას. შედეგად მივიღეთ დიასპორის გააქტიურება, სახელმწიფოსადმი გაზრდილი ნდობა და ხელშესახები დიასპორული საინვესტიციო ინიციატივები.“- განახადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას, რაც ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, უცხოეთის  ბიზნეს-წრეების დაინტერესებას  ახალი საინვესტიციო პროექტებითა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორებით.  ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები თავად წარმოადგენენ ქვეყნის განვითარებაში ინვესტირების საუკეთესო მაგალითს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი  „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ თბილისის მერიის ინიციატივით გაიმართა.