საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ აჰმედ ნასერ ალ -მუჰამედ ალ-საბაჰთან. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. 

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კავშირები აქტიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებებით. 

დადებითად შეფასდა ქუვეითიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა. აღინიშნა მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის გამართვის აუცილებლობა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მოხდება სექტორებს შორის თანამშრომლობის სფეროების განხილვა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ქუვეითს შორის  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.