ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან

17.07.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, მის უმაღლესობა შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანთან, რომელიც 17-18 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საემიროების ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. შეხვედრისას აღნიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის.

მხარეებს შორის საუბარი აგრეთვე შეეხო კულტურისა და განათლების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.

2017 წელს აღინიშნება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამ წლების განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის სულ უფრო მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს ხელი მოწერა ორ დოკუმენტს: ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას და ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ