საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საგარეო საქმეთა სამინისტრომ მრგვალ მაგიდას „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ უმასპინძლა

2021 წლის 26 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებასთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას უმასპინძლა თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის ფარგლებში.
 
 
შეხვედრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმდინარეობაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერებაზე, მათ შორის, მოლაპარაკებების ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკის წარმოჩენაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
 
 
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს გახსნითი სიტყვით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომელმაც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გახსნითი სიტყვის შემდგომ მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი ორ სესიად წარიმართა.
 
 
პირველი პანელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ და საქართველოში  გაეროს რეზიდენტი კოორდინატორმა საბინე მახლმა მიმართეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესში არსებული დინამიკა და გამოწვევები. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მიერ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა გამოწვევების გადაჭრის მიზანმიმართულ დაბრკოლებაზე. ამავე სესიის ფარგლებში, გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა ვრცლად ისაუბრა სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის საქმეში გაეროს მნიშვნელოვან როლზე და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის კუთხით გაეროს სააგენტოებისა და პროგრამების საქმიანობაზე. მან აქცენტი გააკეთა კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების საჭიროებების გათვალისწინებაზე. 
 
 
მეორე სესია უშუალოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გაძლიერებას დაეთმო, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ნინო ბერიკაშვილმა, საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ ისაუბრეს. პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის გზები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გააქტიურებისა და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კონტექსტში.    
 
ორივე სესია აქტიური დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიის ფორმატში წარიმართა. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს და დიალოგის ფორმატში შეხვედრების კიდევ უფრო გააქტიურების სურვილი გამოთქვეს.