საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები ოკუპირებულ რეგიონებში, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - დავით ზალკალიანი

22 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, რომელიც ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციათა პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის არაერთი ძალისხმევის მიუხედავად,  უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას, მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. აღინიშნა, რომ ორივე რეგიონში გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია სასიცოცხლოდ აუცილებელ უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს.
 
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის შედეგად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ფატალური შემთხვევები და სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება. ამასთან, საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე დესტრუქციული ქმედებები ხელს უშლის საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაეხმაროს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს პანდემიის დროს.
 
აქვე ზალკალიანმა დასძინა, რომ პანდემიის პირობებში რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდული ომს, დეზინფორმაციისა და ფართო-მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმების გზით, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდით.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და  უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის 12 წლით გახანგრძლივების თაობაზე უკანონო გადაწყვეტილებაზე და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს დაუყოვნებლივი ჩართულობისა და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
 
მან საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე დღემდე არ აღსრულებულა მართლმსაჯულება, რაც ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდის გაძლიერებას. ამ კონტექსტში, მინისტრმა   ხაზი  გაუსვა წევრი სახელმწიფოების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამართლებრივად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს. ხსენებული გადაწყვეტილებით ასევე  დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.
 
მინისტრმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა ხელყოფა, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესია 22 თებერვალს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება. სესიის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის -  „თანამშრომლობა საქართველოსთან“  მიღება.