საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქუვეითის ქართული დიასპორა

ქუვეითის ქართული დიასპორა

ქუვეითის ქართული დიასპორა ძირითადად შედგება ქუვეითის სხვადასხვა სპორტულ დაწესებულებებში მოღვაწე მაღალპროფესიონალი ქართველი მწვრთნელებისაგან, რომელთა შორის არიან ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. ქუვეითის მხარემ ისინი მიიწვია ქვეყანაში სპორტის განვითარების მიზნით. საელჩოში რეგულარულად იმართება ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან  შეხვედრები. 

ქუვეითის ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ აფციაურმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის 25-27 მაისს თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმში "საქართველო და დიასპორა".

2007 წლის 17-20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში, საელჩომ მოამზადა ქართული დიასპორის შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობა ილია მეორესთან.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე და 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქუვეითის საუბნო საარჩევნო კომისია დააკომპლექტეს ქუვეითში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და უზრუნველყვეს არჩევნების სრულფასოვნად ჩატარება საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტრუქციებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

ქუვეითის ქართული დიასპორა

2020 წლის 24 იანვარს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა გამართა  შეხვედრა ქუვეითში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

შეხვედრა რომელსაც დაესწრო ქუვეითში მცხოვრები საქართველოს 54 მოქალაქე, გაიმართა ქუვეითში საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში.

შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საელჩოს საქმიანობის შესახებ და საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

გარდა ამისა საელჩოს მრჩეველმა იოსებ გამგონიძემ საქართველოს მოქალაქეებს წარუდგინა (ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ეკრანზე ჩვენებით) მათთვის განკუთვნილი, სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ახალი  ინტერნეტ-საიტი GDA.GE და განუმარტა თუ როგორ შეუძლიათ ისარგებლონ საიტზე განთავსებული ინფორმაციით. მიღებულმა ინფორმაციამ მათი დიდი დაინტერესება გამოიწვია.

შეხვედრაზე, დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნული სახის შეხვედრები ქუვეითში საქართველოს საელჩოში გაიმართება რეგულარულად ყოველი თვის ბოლო პარასკევს.

შეხვედრის დასასრულს საეჩოს თანამშრომლებმა და დიასპორის წარმომადგენლებმა გადაიღეს ერთობლივი ფოტოები.