საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიშეგრადის მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ვიშეგრადის ჯგუფისა  და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის თავმჯდომარეობის ეგიდით გაიმართა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. 

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ასევე ევროკომისარმა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ და  პორტუგალიის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა მინისტერიალის ორ სესიაზე. პირველ სესიაზე  დავით ზალკალიანმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემატიკაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკასა და დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის  და   ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.   

მეორე სესიაზე მინისტრის გამოსვლა მიეძღვნა  უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობასა და მის მომავალს. დავით ზალკალიანმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტიდან დაკავშირებით საქართველოს  მოლოდინებზე და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი დაადასტურებს ასოცირებული პარტნიორების ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა დიფერენციაციის პრინციპის როლს, რომელიც ასახავს  პარტნიორების განსხვავებულ მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს და  ამ კონტექსტში მინისტერიალის მონაწილებს გაუზიარა საქართველოს მოლოდინი სამიტზე ისეთი ამბიციური მიზნის დასახვაზე, როგორიცაა ასოცირებული პარტნიორების ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი  და სრული ინტეგრაცია. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაკავშირებულობაზე,   რაც მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესრულებას შეუწყობს ხელს. 

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა  ევროკავშირს კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება მიზანმიმართული დახმარება, მათ შორის ევროკავშირის დამატებით ფონდებსა და პროგრამებზე წვდომის მიღებით.  სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შემუშავების აუცილებლობას.  

მინისტერიალის დასრულების შემდეგ, მიღებულ იქნა ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივი განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და დაგეგმილ სამიტზე.