საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

19.11.2019 - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვდრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებილ გათავისუფლების საკითხი და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება.

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების თემით საოკუპაციო რეჟიმების მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. მინისტრის თქმით, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და გადაჭრისათვის.