საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა

26.10.2018 ქ.თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრი დავითზალკალიანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.

 განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. დავით ზალკალიანმა ჯონ ბოლტონს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ჯონ ბოლტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ტრამპის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე და რეგიონის მნიშვნელობაზე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს განსაკუთრებული პარტნიორისა და მოკავშირის მზარდ როლს. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.